ანგელოზნაკბენი
იქნებ ოდესმე ჩემ და "ულისეს" შეხვედრისა ვთქვა...
მოხდა ისე, რომ ჩემ ცხოვრებაში პირველი "ულისე" შემოვიდა - ძალიან, ძალიან ადრე, ჯერ კიდევ "ხომლიდან"; ჯერაც ლაწირაკი ვარ. და მერეღა ავიღე ხელში "პორტრეტი". "ულისეს" "შემოსვლამ" 10-12 წელს გასტანა და ბოლოს წარღვნად თუ მიწისძვრად დაიქუხა. ხოლო "პორტრეტი"... ვმკრეხელობ ცოდვილი... მაგრამ უფრო ამაზრზენი აღარც მერე მინახავს რამე. ცხადია, ასეთი ავადმყოფური რეაქცია უაზრო, ზღვარგადასული მოლოდინის ბრალი იყო. მშვენივრად გავაცნობიერე მაშინვე (ისევ ლაწირაკმა), რომ "პორტრეტის" გარეშე ვერც "ულისეს" ეღირსებოდა კაცობრიობის ერთი, მეკლდეურებივით მცირერიცხოვანი ნაწილი. და მაინც... დამიტოვა "პორტრეტმა" უამური რამ განცდა. (მოგეხსენებათ, ბნელ დროებაში მდიდართა ნაშიერების გზაზე დაყენების ერთი ხერხთაგანი ესეც იყო: დახატავდნენ საქმრო-საცოლის პორტრეტებს, მიართმევდნენ ადრესატს, შეუქებდნენ სიტყვითაც და... ხშირად ამგვარად სერიოზული რომანებიც იბმებოდა. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენთვის რომ თვალადი ასულის//ვაჟის სურათი მოერთმიათ, შემოგნთებოდათ სენი სიყვარულისა, და დევირტუალიზაციის ჟამს მწარე იმედგაცრუებას შეეპყრეთ... დაახლოებით ამას ჰგავდა ჩემი რეაქცია ჯოისის პირველ რომანთან შეყრისას).
როგორც იტყვიან ზღაპარში: გავიდა დრო. გადავფურცლე ისევ ოდესღაც შერისხული ტექსტი და გავარკვიე, რომ ყმაწვილკაცურ ალღოს სულ არ მოვუტყუვებივარ. "პორტრეტი" მკითხველისთვის ხომ მომაკვდინებლად მდორეა?! ხოლო ობიექტურად - ყურადღება! - სულაც მდარე ნიჭის პროდუქტია. მაშ რა მოხდა მერე? მ-რ ჯოისს რა ჯიშის ანგელოზმა უკბინა, რომ 36-სა "ულისეს" ჩაუჯდა და 40-სამ გაასრულა? მგონი, უნებურად, სათქმელი უკვე წამცდა. თანაც - ისე ლაკონურად, რომ გასათაურება არ ასცდება. ასეა! ჰოდა... სასწაულთა მრწმენთა დასტურ გასახარად, ამასთან, აკადემიურ ფილოლოგოსთა სასაცილოდ, უნდა ვაღიარო: სავლე ჯოისის გაპავლეჯოისება ჩემთვის ეჭვშეუტანელი დიაგნოზია.
თუ მეტისმეტად ვკატეგორიულობ, ცოტა სხვანაირად ვიტყვი: