სამადლობელი
კაცი, რომელიც არის ხუთშაბათი
ბ-ნ რეზოსგან შედევრებით ქართველ-არაქართველთა განებივრება "არაჩვეულებრივი გამოფენით" (სცენარით) დაიწყო და აგერ, 21-ე საუკუნეშიც გრძელდება. მაგრამ ჩემთვის "ქუთაისი ქალაქია" განსაკუთრებით ძვირფასი აღმოჩნდა: ჩემდა გასაოგნებლად, ამ ზღაპრულ ტექსტში ჩემი სამი საყვარელი მწერლის "ხმას" წავაწყდი.
სამნი ბრძანდებიან: მარკ ტვენი, ჩესტერტონი და ჯოისი.
წავაწყდი: პირველის ტომსოიერულ-ჰეკლბერულ შარმს, მეორის - არაამქვეყნიურ-ფანტასმაგორიულ კადენციას ("კაცი, რომელიც იყო ხუთშაბათი") და მესამის ცნობიერებისნაკადისეულ ვირაჟებს. გაბრიაძის ტალანტის პატრონი რომ თავისი ამოუწყავი "ოქროს ძარღვის" "დამუშავებისას" აქეთ-იქით არ იყურება - ამას არც ფიცი ჭირდება, არც - მტკიცი. საგულისხმო, თავისთავად, ისაა, რომ მისი, ერთი შეხედვით, რიგითი, ჩვეული ტექსტიდან ასე განსხვავებული გენიოსების სამხმიანობა სწვდება სასმენელს. დაუმატეთ ამას ჯოისურივე დეტალიზაცია და ცხადი გახდება, რომ "ქუთაისს" კიდევ შეიძლება გაბრიაძისთვის "ჩვეული" უწოდო, მაგრამ "რიგითი" - ნურას უკაცრავად. ხოლო არცთუ მდიდარი ქართული პროზისთვის ხომ სულაც მოვლენაა. (მით უფრო სავალალოა, რომ, რამდენადაც ვიცი, ამ დიდ წიგნაკს როდისღაც რომელიღაც პრემია ვერ მიანიჭეს. წიგნის ზომა თუ ეცოტავათ თვალში...) საერთოდ, როგორც ფეხბურთის კომენტარი ვერ მივა ფეხბურის ყურებასთან, ისე ნებისმიერი ღირებული ფენომენის თარგმანებას გაცნობა სჯობია. ზემორე არც არავითარი "თარგმანებაა". მხოლოდღა დაგვიანებული სამადლობელია. დაგვიანებული - რადგან ზედმეტად ხმამოკრძალებულს ხმამაღალი სიტყვა ყოველთვის მეხამუშებოდა (სხვისიც და საკუთარი კი - ორმაგად). ახლა ვაძლევ თავს ამის უფლებას. ბოლოს და ბოლოს, ჩემი ბლოგი ჩემი ციხე-სიმაგრეა:
გმადლობ, მაესტრო!
P.S. ვეძებე და ვერსად ვნახე "ქუთაისი ქალაქია"-ს ელექტრონული ვერსია. იძულებული ვარ, გიორგი კეკელიძეს შევკადრო: ლიბ.ჯე ამ წიგნაკის გარეშე უხვ, მაგრამ უღვინო სუფრას ჰგავს...