"პოეზია და სხვა"
სტენლი კუნიცი
სხეულის სიბრძნე 
თარგმანი - თინათინ ცანკაშვილი
   პოეზია ერთსა და იმავე დროს ერთობ პრიმიტიული და თან ერთობ რთული ფორმაა ენის გამოყენებისა, მაგრამ მე მინდა შევჩერდე პირველ განსაზღვრე-ბაზე, რომელიც, ვგონებ, უფრო მნიშვნელოვანია. ქურუმი ან ტომის შამანი, შელოცვებს რომ ბუტბუტებდა, ძალზე ახლოს იყო პოეტური გამოცდილების სათა-ვეებთან. ნებისმიერ ბავშვს, რო-მელსაც ოდესმე თითზე დაუსვამს ჭიამაია, სული შეუბერავს თანაგრძნობით და წარმოუთქ-ვამს: \"ჭია, ჭია, მაია, მე შენ დედას გაპოვნინებ, შენ მე დედა მაპოვნინე...\" იმ წუთში თავადაც რომ არ სცოდნია, ისე შეუს-რულებია ძველი ჩვეულება, ჯადოქრული მსახურება. ამ შელოცვის ვარიაციები შემონახულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ისინი წარმოითქმება, სულ ცოტა, ათეულობით სხვადასხვა ენაზე და განიმარტება, როგორც ძველი კულტების - მზის, იზიდას და სხვათა ნაშთები. პოეტური სიტყვა ჟღერდა ადამიანური არსებობის გარიჟრაჟზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველ სიმბოლოებს კი არ წარმოთქვამდნენ, არამედ მღეროდნენ ან ცეკვით გამოხატავდნენ.
არ შეიძლება პოეზიის გაიგივება ლიტერატურასთან, სწორედ ისე, როგორც არ შეიძლება მისი გაიგივება ლექსთწყობასთან ან ლექსთშემოქმედებასთან. ადამიანთა მოდგმის ისტორიაში პოეზია, შესაძლოა, ჩაისახა მილიონი წლის წინათ, მაშინ როცა, ლიტერატურა - შედარებით გვიანდელი გამოგონებაა. შუმერებმა შექმნეს თავისი ლურსმული დამწერლობა, დაახლოებით, ოთხი ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე, ხოლო ათასწლეულით გვიან ეგვიპტელებმა შეიმუშავეს თავისი იეროგლიფები. იმ დროისთვის უკვე დიდი ხანია არსებობდა ზეპირი ეპოსის ხელოვნება, მაგრამ ხალხი ამ თქმულებებს არ იწერდა, ხოლო საკუთარი აზრების რეგისტრირება და დაკვირვება დამწერლობის საშუალებით მათ დაიწყეს, დაახლოებით, ჰომეროსის ეპოქაში, უფრო სწორად, სამი ათას წელზე ნაკლები ხნის წინ.
თუმცა ჰომეროსამდე მრავალი საუკუნით ადრე, ინგლისელი ფილოსოფოსის ალფრედ ნორთ უატჰედის სიტყვით რომ ვთქვათ, \"ადამიანთა სხეულებში გროვდებოდა უზარმაზარი სიმდიდრე ადამიანური გამოცდილებისა.\" ადამიანის სხეული თავის გენეტიკურ კოდში აღბეჭდავდა ადამიანური მოდგმის ხანგრძლივ ოდისეას. როცა ჩვენი ორგანოები ჯანმრთელია და მუშაობს ჰარმონიულად, სიხარული, ჩვენი არსება რომ მოუპირთავებია, საეჭვოა, ბევრად განსხვავდებოდეს იმ სიხარულისგან, რომელსაც ადამი განიცდიდა. სხეულის ენაზე საუბრისას მთარგმნელი საჭირო აღარაა. როგორც მოწმობს ბიბლიური თქმულება ბაბილონის გოდოლზე, სხვადასხვა ენები აცალკევებენ მსოფლიოს ხალხებს, მაგრამ მათ აერთიანებს და ეხმარება ურთიერთგაგების მიღწევაში ჟესტთა უნივერსალური ენა. ჟესტების ენა წინ უსწრებდა სიტყვიერ ენებს. ზოგიერთი ჩვენი სიმბოლური ჟესტი ისეთივეა, როგორც ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლებისა: მაგ., ჩვენც მათსავით ვარიდებთ თვალს და ვხრით თავს, როცა ვინმეს ვემორჩილებით, ფეხებს ვაბაკუნებთ, როდესაც გაშმაგება გვიპყრობს და თავს ვუკრავთ ერთიმეორეს მისალმების ნიშნად.
თავის ტვინის ევოლუციის ასმასწინანდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ მისი წინა ნაწილი - ნეოკორტექსი - ის ორგანოა, რომლის საშუალებითაც ჩვენ ვეუფლებით ფილოსოფიასა და მეცნიერებებს. ხოლო პოეზია აღმოცენდება ტვინის სიღრმიდან - მისი უფრო ძველი ნაწილიდან, სადაც ინახება გენეტიკურ მოგონებები, დაწყებული იმ საუკუნეებიდან, როცა ჩვენ ჯერ კიდევ წყალხმელეთა არსებანი ვიყავით. ლექსის სიტყვები დაელექტროებულნი არიან სხეულის სიბრძნით, და თუ კი მათ დასტამბვა უწერიათ, ისინი გამოილტვიან ფურცლებიდან, რაკი მათში ძველი ჟესტები ვიბრირებენ.
ეს ფიზიკური, ლამის ცხოველური საწყისი პოეზიისა შენიშნა ინგლისელმა დრამატურგმა და პოეტმა ბენ ჯონსონმა, რომელმაც დაწერა: \"ლექსთამთხზველი და პოეტი ერთი და იგივე არაა. შეუდარებელ ვირგილიუსზე ამბობდნენ, რომ იგი შობდა თავის ლექსებს ძუ დათვივით, ხოლო მერე ლოკვა-ლოკვით, თანდათანობით ფორმას აძლევდა.\"
ლექსის ფიზიკურ ბუნებაში ჩვენ ვპოულობთ განმარტებას პოეზიაზე ჩვენი კინესთეტიკური რეაქციისას - იმ ჯურის რეაქციისას, რომელიც შემოგვთავაზა თავის ლაკმუსურ ტექსტში პოეტმა ემილი დიკინსონმა: \"წიგნის კითხვისას ისე რომ მაზრობს სიცივე, ცეცხლსაც არ ძალუძს ჩემი გათბობა, ვიცი - ეს პოეზიაა; ფიზიკურად რომ შევიგრძნობ, თითქოს თავი მეპობა შუაზე, ვიცი - ეს პოეზიაა...\"
პოეზიის ზემოქმედებაზე საუბრისას, ინგლისელი პოეტი და სწავლული ა. ე. ჰაუსმანი იხსენებდა ელიფას თემანელის - უბედურებაში ჩავარდნილი იობის დასამშვიდებლად მისული მისი ერთ-ერთი მეგობრის სიტყვებს: \"და სული პირად ჩემდა მოიწია. შეძრწუნდეს თმანი ჩემნი და ხორცნი.\" გამოცდილება მკარნახობს, - წერს ჰაუსმანი, - რომ დილით, სახის პარსვისას, მე ყურადღება უნდა მივაქციო საკუთარ აზრებს, რადგან თუკი აზრად მომივიდა პოეტური სტრიქონი, სახის კანი წვრილი გამონაყარით მეფარება და ამის გამო აღარ შემიძლია პარსვის გაგრძელება. და ცახცახი გადამდის ზურგზე. სხვა სიმპტომიც არსებობს: უეცრად რაღაც წამიჭერს ყელში. არსებობს მესამეც, რომელიც შემიძლია მხოლოდ კიტსის ერთ-ერთი ბოლოდროინდელი წერილის ფრაზით აღვწერო, სადაც იგი ფანი ბრაუნზე ლაპარაკობს: \"ყოველივე, რაც კი მას მახსენებს, შუბივით გამივლის ხოლმე სხეულში.\"
ბლეიკი გვასწავლიდა, რომ სული აღიქვამს შთაბეჭდილებებს ჩვენი ხუთი გრძნობის საშუალებით. პოეზია სმენით აღიქმება. ლექსი რომ აღიქვა, საჭიროა მისი შეგრძნება, ხოლო რომ შეიგრძნო, საჭიროა გაიგონო. პოეტი უსმენს საკუთარ ლექსებს, და ჩვენც, მკითხველნი, ჩვენი მხრივ, უნდა ვაყურადებდეთ მას. თუ ჩვენ საკმაოდ ყურადღებით მოვუსმენთ, ვინ უწყის, შესაძლოა, ჩვენც დავიწყოთ ცეკვა და ამგვარად გამოვხატოთ ხან დარდი, ხან - სიხარული.
როცა ახალგაზრდა პოეტები რჩევას მთხოვენ, როგორ ვიცხოვროთო, მე მინდა ხოლმე თავიდან ავაცილო მათ სათბურისებრი ცხოვრებით გამოწვეული ანემიის საფრთხე. \"ხელი მიჰყავით რაიმე სხვას, - ვეუბნები, - აითვისეთ რაიმე ხელობა, შეისწავლეთ ცოდნის რომელიმე სფერო. ისწავლეთ რისამე საკუთარი ხელით გაკეთება. სცადეთ ხის დამუშავება, შეისწავლეთ ფრინველთა ქცევა, მებაღეობა, აფროსნობა, ქსოვა, მეთუნეობა, არქეოლოგია, ოკეანოგრაფია, სპელეოლოგია, მესაქონლეობა, - აირჩიეთ, რაც გინდათ. რამაც უნდა გაგიტაცოთ, - ხელობამ, კოლექციონერობამ, ბუნებისმეტყველებამ, - იგი გამოჯეკავს თქვენს სხეულს და გაგინათებთ გონებას. ბოლოს და ბოლოს, ეს მოგცემთ თქვენ მეტაფორებს.\"
მართალია, პოეზია, როგორც ლიტერატურული ტექნიკის სახეობა, მოითხოვს ყურადღებას დეტალებისადმი, სპეციფიკურ აღქმას, მაგრამ პოეტი თავის საქმეში ვიწრო სპეციალისტი კი არაა, არამედ, როგორც ამბობდა უორდსუორთი, - ფართო თვალსაწიერის ადამიანია, რომელიც ადამიანებს მიმართავს. პოეტი მიმართავს მათ არა მარტო თავისი სიტყვებით, არამედ თავისი პიროვნებითაც, თავისი სიმბოლური იქყოფნით თითქოს მას მოჰქონდეს დროშები, რომლებზედაც წერია: \"გქონდეს კეთილი გული\", \"არაფერი დატოვო უყურადღებოდ\", \"იცხოვრე სრული ცხოვრებით\". პოეტის ცხოვრება გვასწავლის, რომ აუცილებელი არაა და არასასურველიცაა, რომ ყოველი ადამიანი ერწყმოდეს პროფესიონალ საქმოსანთა, ბედის მაძიებელთა ბრბოს.
მე მახსენდება ბლეიკი, რომეილც გვაფრთხილებდა: \"თუკი ძაღლი შიმშილისგან სულს ღაფავს პატრონის ჭიშკართან, ეს მთელი ქვეყნის დაღუპვის მაუწყებელია\"; მახსენდება ჯონ კიტსი, რომელიც მისი ფანჯრის რაფაზე თესლის ასაკენკად მოფრენილ ბეღურად იქცა; მახსენდება ჯერარდ მენლი ჰოპკინსი, იფნის მოჭრას რომ ჩივის სტონიჰერსტის სემინარიის ბაღში: \"მე სიკვდილი მინდოდა, რომ არ დამენახა, როგორ ჰკლავდნენ სამყაროს სულს\"; მახსენდება ბრძენი და მგრძნობიარე უილიამ ბატლერ იეიტსი სიბერისას - \"დაფლეთილი ფიტული ჭოკზე\", რომელიც ახალგაზრდა ქალს გამოუტყდა: \"მე ვწერ ლექსებს... და როგორც ყოველთვის, რითიც არ უნდა დავიწყო, ბოლოს მაინც გამომდის ლექსები სიყვარულზე.\"
\"აი, თქვენ რა უნდა გააკეთოთ, - წერდა უოლტერ უიტმანი \"ბალახის ფოთლების\" წინასიტყვაობაში, - გიყვარდეთ მიწა და მზე, და ცხოველები, გძულდეთ სიმდიდრე, გაიღეთ მოწყალება ყველასთვის, ვინც ითხოვს მას, დაიცავით უგუნურები და შეშლილები, უწილადეთ თქვენი მონაპოვარი და თქვენი შრომა სხვა ადამიანებს, გეზიზღებოდეთ ტირანები, ნუ იკამათებთ ღმერთზე, იყავით მომთმენნი და მიმტევებელნი ადამიანთა მიმართ, ქედს ნუ მოუდრეკთ ნურც სახელგანთქმულ, ნურც უცნობ ადამიანს, ნურც ერთ კაცს, ნურც მრავალს, ისე გეჭიროთ თავი, როგორც ტოლებთან ყოვლისშემძლე უწიგნურებთან, და ახალგაზრდებთანაც, ოჯახის დედებთანაც, ხელახლა გადახედეთ ყველაფერს, რასაც გასწავლიდნენ სკოლაში ან ეკლესიაში ან რაც ისწავლეთ წიგნებიდან, და უკუაგდეთ ყოველივე, რაც შეურაცხყოფს თქვენს სულს, და თავად თქვენი სხეული იქცევა დიდებულ პოემად, და იგი იქმნება მჭევრმეტყველი არა მხოლოდ სიტყვებში, არამედ ბაგეთა და სახის სიმუნჯეშიც, თვალ-წამწამთა შორიაც, და ყოველ მიმოხვრაში და თქვენი სხეულის შენაწევრებაში.\"
უიტმენივით ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს გონებაზე, როგორც რაღაც ისეთზე, რაც სხეულს უპირისპირდება, ან - სულზე, როგორც გონებაზე ამაღლებულზე. ჩემი ფილოსოფიის თანახმად, სხეული, ონება და სული მხოლოდ სივარვარის ან გაცნობიერების სტადიებია ერთსა და იმავე ცოცხალ ორგანიზმში. როცა ჩვენს შიგნით გიზგიზებს ცეცხლი, ჩვენ ვიწყებთ იმის დანახვას, რაც არსებობს, რაც ხდება და ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე. ყველაზე ამაღლებული აზრები ფესვებით მიწაში მიდიან; ჩვენი საუკეთესო სიმღერები სხეულის სიმღერებია.